top of page
Search
  • Writer's pictureMedBlogger

რევოლუციური ტექნოლოგიები სამედიცინო ლაბორატორიაში

Updated: Aug 27, 2019



გენეტიკურმა რევოლუციამ ლაბორატორიული მედიცინის ძალიან საინტერესო დარგს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც ადამიანის და მიკროორგანიზმების გენომის ანალიზს ეფუძნება და ემსახურება დაავადებების განვითარების მექანიზმების უკეთ შესწავლასა და მკურნალობის საუკეთესო გზების ძიებას. მოლეკულური დიაგნოსტიკის გამოჩენამ სხვადასხვა მასშტაბის ლაბორატორიებში დიდი გადატრიალება მოახდინა. ეს ყველაფერი კი იმის ხარჯზე, რომ დაავადებების დეტექციას მყისიერად და მაღალი სიზუსტით გვთავაზობს და ლაბორატორიებს ინდივიდუალიზებული მედიცინის ეპოქაში ცენტრალურ ადგილს უთმობს.


უკანაკსნელ წლებში ავტომატიზებული სისტემების გამოჩენით, რომელთაც პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქცია ან სხვა დნმ-ზე დაფუძნებული დეტექტიის ტექნოლოგიები უდევს საფუძვლად, მოლეკულური ტესტირება შედარებით უფრო რუტინული გახდა. ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია ინფექციური პათოგენების, სიმსივნეების და ადამიანის გენომის დნმ/რნმ-ის იდენტიფიცირება და ანალიზი. ახლა უკვე პატარა მასშტაბის ლაბორატორიებიც ინტერესდებიან მოლეკულური დიაგნოსტიკის სისტემების შეძენით, რომელიც გამოსაყენებლად იოლია, სისტემასთან მუშაობა კი - ნაკლებად შრომატევადი. ასეთი მოქნილი სისტემები უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებშიც დაინერგება. ახალი, ეფექტური სისტემებით დაინტერესება საავადმყოფოებისთვის გაზრდილი შემოსავლებითაც შეიძლება აიხსნას.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოლეკულური დიგანოსტიკის სისტემის შეძენით ლაბორატორიას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს პაციენტის მკურნალობისა და ზრუნვის თავისებურებებზე. ხსენებული ტექნოლოგიები ექიმებს ეხმარება, ინფექცია დაუყოვნებლივ და მაღალი სიზუსტით აღმოაჩინოს, რაც მკურნალობის სრულიად ახლებური, ინდივიდუალიზებული მიდგომის საშუალებას იძლევა. მაგალითად, ვირუსოლოგიის დარგში უკვე დიდი ხანია აცნობიერებენ მოლეკულური დიაგნოსტიკის სარგებელს, რომელმაც, პრაქტიკულად, ჩაანაცვლა კულტურაზე დაფუძნებული დეტექციის მეთოდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, თავის დროზე, ვირუსული ინფექციის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად იყო მიჩნეული. ანალიზის პასუხისთვის ორ დღემდე ლოდინი პაციენტის მკურნალობას მნიშვნელოვნად აფერხებდა. ამჯერად, ლოდინი სავალდებულო აღარაა.


პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე დაფუძნებული ტესტები აქტიურად გამოიყენება რესპირატორული ინფექციების დიაგნოსტირებისთვის. ისეთი პათოგენების დეტექცია, როგორებიცაა სინციტიურ-რესპირატორული ვირუსი, რინოვირუსი და გრიპის ვირუსი (A და B) ექიმებს ეხმარება არა მხოლოდ არამიზნობრივი ანტიბიოტიკოთერაპიის, არამედ- ვირუსის გავრცელების თავიდან არიდებაში.


გარდა ამისა, მოლეკულური დიაგნოსტიკის სისტემების მქონე ლაბორატორიები C და B ჰეპატიტის მკურნალობის პროცესში მთავარი მონაწილეები ხდებიან, რადგან ვირუსული დატვირთვის გამოვლენა საშუალებას იძლევა განისაზღვროს ანტივირუსული მკურნალობის საჭიროება და ხანგრძლივობა, აგრეთვე საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს რეზისტენტული შტამები. ტესტირება შეიძლება ჩატარდეს რეგულარულად, მკურნალობის ეფექტურობის შეფასების მიზნით, ვირუსული დატვირთვის ისეთი დონის მიღწევამდე, რომლის დეტექციას სისხლში უკვე აღარ ხდება.


აივ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობაც მუდმივ მონიტორინგს მოითხოვს, რაც მოლეკულური დიაგნოსტიკითაა შესაძლებელი. ანტივირუსული თერაპიის წარმატება აივ ინფიცირებულ პაციენტებში ვირუსული დატვირტვის შემცირებით ფასდება. მაღალ-მგრძნობიარე მოლეკულური ტესტები ვირუსულ დნმ-ს ძალიან დაბალი კონცენტრაციის პირობებშიც კი ავლენს, რაც ექიმს ატყობინებს, ემორჩილება თუ არა პაციენტი მკურნალობას.


ძუძუს კიბოს შემთხვევებში კვლევებით გამოვლინდა, რომ HER-2 გენის მატარებელი პაციენტები ჰერცეპტინით მკურნალობას ემორჩილებიან. ამ აღმოჩენამ 1998 წლიდან მოყოლოფებული დღემდე უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ძუძუს კიბოს მქონე ქალებში ოთხიდან ერთი აღნიშნული გენის მატარებელია. შესაბამისად, ლაბორატორია ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს.


კლინიკური ლაბორატორიები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ცენტრალურ ადგილს დაიკავებენ ონკოლოგიაში, წარუძღვებიან რა თერაპევტებს რთული გენეტიკური ანალიზების ინტერპრეტირებაში, სიმსივნეებისა და კიბოს განვითარების გენოტიპირებასა და კიბოს მკურნალობის გენეტიკაზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდების შერჩევაში.

დღეს მრავალი აღმასრულებელი განიხილავს საავადმყოფოს ინსტიტუციის ფარგლებში მოლეკულური დიაგნოსტიკის სისტემების დანერგვას. ისინი აქტიურად აფასებენ ფინანსურ საკითხებს, რაც ამ სისტემების იმპლემენტაციასთანაა დაკავშირებული. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მხედველობაში ვიქონიოთ შემოსავლები და ხარჯების შემცირება. ცალკეულ სისტემებზე სხვადასხვა მოლეკულური ტესტის ფასი საკმაოდ მიმზიდველია, მაშინ როცა, თითოეული ტესტიდან მიღებული სუფთა მოგება გაცილებით აღემატება ქიმიური პანელების, იმუნოფერმენტული ტესტებისა და კულტურაზე დაფუძნებული ტესტებისგან მიღებულ მოგებას. გარდა ამისა, მოლეკულური დიაგნოსტიკის სისტემის არსებობას საავადმყოფოში შეუძლია აღმოფხვრას რეფერალურ ლაბორატორიებში საკმაოდ ძვირადღირებული ტესტების გაგზავნის აუცილებლობა.


მოდით, ხარჯების შემცირება MRSA-ს (მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი) მაგალითზე განვიხილოთ, რომელიც ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევია და ძვირადღირებულ მკურნალობას მოითხოვს. ჟურნალ „International Journal of Antimicrobial Agents“ -ში, 2006 წელს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ერთი MRSA ინფექციის შემთხვევა საავამდყოფოს 14,000 $ უჯდება. მოლეკულური ტესტირების დანერგვამ, მეთიცილინ-რეზისტენტული სკრინინგ პროგრამის შემუშავებამ და ყოველწლიურად 500-მდე მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკით ინფიცირებული პაციენტის გამოვლენამ საავადმყოფოს წლიური ხარჯები 7 მილიონ $-მდე შეიძლება შეამციროს.



მოლეკულური დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი კლინიკური და ფინანსური სარგებლის უგულებელყოფა არ ღირს ე.წ. „სტარტ-აპ“ საფასურის გამო. მოლეკულური ტესტებისა და სისტემების გამარტივება მცირე მასშტაბის ლაბორატორიებშიც კი დიდ ცვლილებებს გვპირდება. უდავოა, რომ ეს ტექნოლოგია რევოლუციას ახდენს სფეროში, ხოლო ლაბორატორიებმა, რომელთაც ჯერ არ მოუხდენიათ ინვესტირება მოლეკულურ დიაგნოსტიკაში, დროა ამაზე იზრუნონ.

27 views0 comments
bottom of page