top of page
Search
  • Writer's pictureMedBlogger

ფუტურიზმი თუ რეალობა?

Updated: Jun 25, 2019

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა გაიდლაინი, რომელიც თვითმზრუნველობის ინტერვენციებს ითვალისწინებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მომავალი უკვე აქაა?


მსოფლიოში 400 მილიონამდე ადამიანს ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვის საკმაოდ მარტივ სერვისებზე. ვარაუდობენ, რომ 2035 წლისთვის ჯანდაცვის პროფესიონალების ნაკლებობა 13 მილიონს შეადგენს. არსებული პროგნოზებით 5-იდან 1 ადამიანი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში იცხოვრებს.


ამ ყველაფრის პარალელურად, სიახლეები დიაგნოსტიკურ და ფარმაცევტულ სფეროებში, ციფრულ ინოვაციებთან ერთად ჯანდაცვის სექტორთან კომუნიკაციის ფორმებს საგრძნობლად ცვლიან.


არსებულ მდგომარეობაზე საპასუხოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა პირველი გაიდლაინი, რომელიც ჯანდაცვის თვითმზრუნველობის ინტერვენციებს ითვალისწინებს, სადაც აქცენტი სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე კეთდება. ინტერვენციები მოიცავს ნიმუშის თვითმოპოვებას HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსზე) და სხვა სქესობრიოვი გზით გადამდები ინფექციების ტესტირებისთვის, კონტრაცეპტივების თვითინექციას, ოვულაციის სახლის პირობებში გამოთვლას, HIV (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექციის თვითტესტირებას და სამედიცინო აბორტის თვითმენეჯმენტს.

ხსენებულ გაიდლაინებში განხილულია ზოგიერთი ინტერვენციის დადებითი გავლენა ჯანმრთელობაზე, რომელთა შესრულებაც კონვენციურ სამედიცინო დაწესებულებებს ფარგლებს გარეთაცაა შესაძლებელი. თუმცა, ეს ინტერვენციები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ჩანაცვლებას როდი ემსახურება და საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნევლყოფის მოკლე გზას არ წარმოადგენს.

რა არის თვითმზრუნველობა?

თვითმზრუნველობა „ინდივიდის, ოჯახის ან საზოგადოების მეირ ჯანდაცვის ხელშეწყობისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთობლიობაა, რომელიც დაავადებათა გავრცელების პრევენციას, ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და უკვე არსებულ დაავადებებთან და ავადმყოფობებთან გამკლავებას ემსახურება ჯანდაცვის წარმომადგენლის დახმარებით ან მის გარეშე“.

თვითმზრუნველობის ფარგლებში გათვალისწინებული ინტერვენციები ეფექტიანობის ამაღლების, ავტონომიისა და ჯანდაცვის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გაიდლაინის შემუშავებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სცნობს თვითმზრუნველობის მნიშვნელობას და იმას, თუ რამდენად შეუძლია ამ ფაქტს ჯანდაცვის მომსახურეობას შეუწყოს ხელი, უმთავრესად, სწორედ მოწყვლად პოპულაციებში. ამ გაიდლაინის ამოქმედებით ადამიანები სულ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საკუთარი ჯანდაცვის პროცესში და შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი მოთხოვნები თავადვე დაიკმაყოფილონ. გარდა ამისა, აღნიშნული სიახლე უფრო ხელმისაწვდომს გახდის ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისებს და საშუალებას მისცემს მოსახლეობას, თავად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

ხელმისაწვდომობა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის

თვითმზურნველობით გათვალისწინებული ღონისძიებები ჯანდაცვის სისტემის დამატებითი, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილია. თვითმზრუნველობა, განკუთვნილია, აგრეთვე, იმ ჯგუფებისთვის, რომელზედაც უარყოფითად აისახება გენდერული, პოლიტიკური, კულუტურული თუ ძალაუფლებითი დინამიკა. ამ უკანაკსნელს განეკუთვნებათ იძულებით გადაადგილებული პირებიც. იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებულ ჯგუფებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანდაცვის საკითხების ირგვივ შემაფერხებელი გარემოებები შეიძლება არსებობდეს, ამ მიდგომის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიზრდება.

მხარდამჭერი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც ეს ადამიანები სამედიცინო მომსახურებას მათთვის სასურველ დროს და ადგილას იღებენ, ხელს უწყობს ავტონომიისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფას შედარებით მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებში.

მიუხედავად იმისა, რომ თვითმზრუნველობის პრაქტიკა ადამიანებში ათასწლეულებია არსებობს, ჯანდაცვის პოლიტიკაში, დაფინანსებასა და სისტემების უზრუნველყოფაში თვითმზრუნველობის ინტერვენციების მნიშვნელობა ამ დრომდე უგულებელყოფილი იყო და მის პოტენციალზე აქამდე ნაკლებად საუბრობდნენ.


სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებით თვითმზრუნველობის ინტერვენციების გაიდლაინის შემუშავება ჯანმოს მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელიც ადამიანს ჯანდაცვის სისტემის ცენტრში ათავსებს, უზრუნველყოფს რა ხარისხს და ჯანდაცვის სისტემის მიმართ პასუხისმგებლობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამჟამად სწავლობს ჯანდაცვის მომსახურების პროფესიონალთა როლს, მათ კომპეტენციებსა და საჭიროებას. ამ დრომდე არსებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ,თვითმზრუნველობის არსებობა ჯანდაცვის პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოემსახურონ და საკუთარი უნარები მოახმარონ სწორედ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

გაიდლაინები სამომავლოდ გავრცელდება სხვა ტიპის თვითმზრუნველობის ინტერვენციებზეც, მათ შორის არაგადამდები დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაზე. ჯანმო უკვე აყალიბებს თვითმზრუნველობის საზოგადოებას და 24 ივნისისდან 24 ივლისის ჩათვლით, თვითმზრუნველობისთვის მიძღვნილი თვის ფარგლებში ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

რა როლს თამაშობს სწრაფი მოლეკულური დიაგნოსტიკა გაიდლაინის ფარგლებში?

პაციენტთან ახლოს მყოფი (Point-of-care) სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიების დანერგვა ბოლომდე ვერ მოხერხდება მანამ, სანამ ლაბორატორიული და კლინიკების ქსელების ინტეგრირება ერთ დიდ ეკოსისტემაში არ მოხდება. ცენტრალიზებული ლაბორატორიული სისტემებიდან პაციენტთან ახლოს მყოფი - POC (point-of-care) ინსტრუმენტირებული ტექნოლოგიებითა და საზოგადოებრივი თუ თვით ტესტირების ცენტრებით დამთავრებული, საჭიროა დიაგნოსტირების ინტეგრირება ერთ დიდ ლაბორატორიულ სისტემაში მოხდეს, რომელიც, თავის მხრივ, ჯანდაცვის ეფექტურ მმართველობით სისტემასთან იქნება დაკავშირებული.


ცენტრალური ლაბორატორია მთავარი საყრდენი იქნება, რომელიც დაიკავშირებს ადგილობრივ კლინიკებსა და თვითტესტირების ცენტრებს. ეს კი ხელს შეუწყობს ცენტრალური ლაბორატორიის და სერვისების გავრცელებას გაცილებით უფრო ფართო მასშტაბებზე და არსებული საჭიროების დაკმაყოფილებაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.


გამომდინარე იქიდან, რომ ცალკეულ ქვეყნებს უნიკალური ინფრასტრუქტურა და სამოქმედო არეალი შეიძლება ჰქონდეს, პაციენტთან ახლოს მყოფი ტექნოლოგიები, მათი ხარჯთ-ეფექტიანობის გათვალისწინებით, ყველაზე ადაპტირებულ მიდგომად შეიძლება ჩაითვალოს.


პაციენტთან ახლოს მყოფი (point-of-care) დიაგნოსტიკა არალაბორატორიულ პირობებში სწრაფი დიაგნოსტირების არაჩვეულებრივ საშუალებას გვთავაზობთ. არსებული მონაცემებით მედიცინის ლანდშაფტი როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ისე პაციენტებისთვის უახლოეს მომავალში შეიძლება დრამატულად შეიცვალოს.


დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობის წარმართვა შესაძლებელი გახდება დისტანციურადაც, ნებისმიერ დეცენტრალიზებულ გარემოში, სწორედ პაციენტთან ახლოს მყოფი ტექნოლოგიების მეშვეობით. ბიზნეს თეორეტიკოსი, კლეი ქრისტიანსენი ვარაუდობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში გადატრიალება მოხდება: „ გადატრიალება მოხდება... იქ, სადაც ექიმები ისარგებლებენ პაციენტთან ახლოს მყოფი დიაგნოსტიკირებით მეთოდებით,, ციფრული დიაგნოსტიკით, ექსპერტ სისტემებთ, ტელემედიცინითა და ჯანდაცვის პირადი ჩანაწერებით“.


იმ ეპოქაში, სადაც თერაპია მაქსიმალურად მორგებული ხდება ინდივიდის გენომსა და ბიომარკერებზე, ზუსტი და ხელმისაწვდომი პაციენტთან ახლოს მყოფი დიაგნოსტიკის ღირებულება შესაძლოა იმდენად გაიზარდოს, რომ თავად თერაპიულ პრაქტიკასაც გადააჭარბოს.


ალბათ წარმოგიდგენიათ, რამხელა გავლენა ექნება ამას პაციენტებსა და მომხარებლებზე. პაციენტს ახლა უკვე მობილურის მეშვეობითაც კი შეუძლია სამედიცინო ტექნოლოგიებთან უშუალო კონტაქტი და, რაც ყველაზე მთავარია, მას უშუალოდ შეუძლია ჩართული იყოს საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვაში.


არსებული პროგნოზებით, სწრაფი მოლეკულური დიაგნოსტიკა და პაციენტთან ახლოს მყოფი მონიტორინგის მოწყობილობები უახლოეს ათწლეულში ფართოდ გავრცელდება და ხელმისაწვდომი იქნება როგორც სახლიდან, ისე ექიმის კაბინეტში, სააავადმყოფოებში, აგრეთვე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მომავალი არც ისე შორსაა.




84 views0 comments
bottom of page